ევროპის კავშირი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) დახმარების შესაძლებლობებს განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუჩეროს მაუწყებელს, რასაც პროდემოკრატიული მედიასაშუალებების ჩაჩუმების შესახებ შეშფოთება მოჰყვა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 17 მარტს, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივით განიხილეს რთე/რთ-ის მომავალთან დაკავშირებული საკითხები. მაუწყებლის ბედი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა მაუწყებლისთვის კონგრესის მიერ მოწონებული დაფინანსება. დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია შეხვედრის შესახებ, რთე/რთ-ს შეატყობინა, რომ ჩეხეთმა პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან - ლიეტუვასთან, ესტონეთთან და ლატვიასთან - ერთად დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი ამ იდეას. მათ განაცხადეს, რომ რთე/რთ-ის საქმიანობის შეჩერება „საჩუქარი იქნება ევროპის მოწინააღმდეგეებისთვის“, მის დახურვას კი „გამოუსწორებელი [შედეგი] ექნება დემოკრატიული მისწრაფებებისთვის მთელს მსოფლიოში“.
„ის დემოკრატიის ძალზე ღირებული შუქურაა მთელს მსოფლიოში“, თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. „გულდასაწყვეტია იმის გაგება, რომ აშშ წყვეტს [რთე/რთ-ის] დაფინანსებას. ახლა ჩვენთვის საკითხავი ისაა, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით ამოვავსოთ სიცარიელე, რომელსაც ტოვებს აშშ?“ - დასძინა კალასმა.
კალასის თქმით, დაფინანსების საკითხზე არ არსებობს ავტომატური პასუხი. მაგრამ, მისი თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრები მართლაც მოწადინებული არიან ამ საკითხის განხილვისა და გზების ძიებისთვის“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ თქვა, რომ მან თავისი ქვეყნის ინიციატივის მიმართ „გარკვეული ინტერესი“ იგრძნო ევროკავშირის სხვა წევრების მხრიდან და რომ „ჩვენი ამოცანაა, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს“.
ლიპავსკის პოლონელმა კოლეგამ, რადეკ შიკორსკიმაც გამოუხატა მხარდაჭერა რთე/რთ-ს. მან გაიხსენა, როგორ უსმენდა მამამისი ცივი ომის პერიოდში რადიოსადგურს, ასევე „ამერიკის ხმას“.
„ასე გავიგეთ უმნიშვნელოვანესი ფაქტები ჩვენი საკუთარი ქვეყნების შესახებ, ვინაიდან კომუნისტური პროპაგანდა მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო,“ უთხრა მან ჟურნალისტებს. „და ეს დაწესებულებები დღეს განაგრძობენ ავტოკრატიებისთვის მსგავსი საქმის კეთებას“.
შიკორსკიმ ასევე მხარდაჭერა გამოუხატა ლიპავსკის ინიციატივას, რომელიც აშშ-ის მაუწყებელთა დაფინანსებისთვის ალტერნატიული გზების გამონახვას ისახავს მიზნად.
„ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს,“ თქვა მან. „ახლა იდეების მოძიების საწყის სტადიაზე ვართ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არის ღირსეული დაწესებულებები, რომელთა მისია უნდა გაგრძელდეს“.
14 მარტს, საღამოს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის მიზანია, შეამციროს შვიდი სააგენტო - მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ბრძანებულებით, რომლის სამიზნეა ასევე სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ უსახლკარობასთან, შრომით დავებსა და სათემო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყოველ ორგანიზაციას მიეცა შვიდი დღე, სრული შესაბამისობის შესახებ ანგარიშების წარმოსადგენად.
აღმასრულებელი ბრძანებულების პუბლიკაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ USAGM-მა გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რთე/რთ-ს, რომლის შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს, კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
რთე/რთ-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გრანტის შეწყვეტა „დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“. მის ამ მოსაზრებას მთელს მსოფლიოში ფართოდ დაუჭირეს მხარი მედიის უფლებების მეთვალყურეებმა, დემოკრატიის დამცველებმა და პოლიტიკოსებმა.
ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცირების გამო.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge