,,ეს ადამიანები არ არიან პროკურორები ან მოსამართლეები, ესენი არიან მსახიობები. ტომ კრუზის დონის არა. მაგრამ, მაინც მსახიობები არიან.’’ - ასე აფასებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორებსა და მოსამართლეებს. ადვოკატმა საკითხზე bm.ge-ს გადაცემაში ,,ანალიტიკა“ ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბაჩიაშვილის საქმეში სასამართლო არ ყოფილა. ეს იყო შოუ. მოსამართლე, პროკურორი – არავინ თავის ფუნქციას არ ასრულებდა. ზუსტად ჰგავდა იმ პროცესებს, რომლებიც მინახავს რუსეთში, სადაც ძირითადად პანტომიმას აკვირდები. არ არსებობს სამართალი. მხოლოდ თამაში. ეს არის ყველაფრის საფუძველი. რაც შეეხება თავად ბრალდებებს, აქ ბატონი ივანიშვილის ხელწერა იგრძნობა. ეს არის ინდივიდი, რომელსაც ერთდროულად აწუხებს პარანოია და თან აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, როცა საქმე ოპონენტებზე თავდასხმას ეხება. ამას მე თვითონ ვაკვირდებოდი სასამართლოში ამ წარმოუდგენელი პროცესის დროს. მტკიცებულებები მკაფიოა, რომ ის აკონტროლებს სასამართლოს, აკონტროლებს პროკურატურას და ამ პირობებში, რა გარემო იქმნება იმ საფრთხესთან მიმართებით, რაც მე ვახსენე, თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს. კიდევ ერთხელ – თქვენ გეუბნებით – ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბაჩიაშვილის დასაცავად როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე რომ დასანქცირდნენ ისინი, ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები საქართველოში.“ - განაცხადა რობერტ ამსტერდამმა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოში გამოკითხვაზე დაიბარებენ, ამსტერდამმა განაცხადა: 

„მე არ მექნებოდა მოლოდინი, რომ პატივს ვცემდი რაიმე ტიპის სამართლებრივ დაბარებას ან პროცედურას, რაც იქნებოდა საქართველოს პროკურატურიდან თუ სასამართლოდან მომდინარე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მე მათ არ უნდა ვუწოდებდე პროკურორებს და არ მინდა ვუწოდო სასამართლო. ეს ადამიანები არ არიან პროკურორები ან მოსამართლეები, ესენი არიან მსახიობები. ტომ კრუზის დონის არა – მაგრამ, მაინც მსახიობები არიან. ისინი ასრულებენ რეალური მთავრობის როლს, მაგრამ არ გამოსდით – საქართველოს არ ჰყავს რეალური მთავრობა. საქართველო დღეს 1 ადამიანის ტყვეა. სხვა ყველაფერი ფაბრიკაციაა – არ არსებობს სამართალი, არ არსებობს მთავრობა, რომელიც ივანიშვილის პირდაპირი კონტროლის ქვეშ არაა“.

 

რობერტ ამსტერდამმა გუშინ პრე-რელიზი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობს.