ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

გამოცდები საქართველოს 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. მიმდინარე წლის გამოცდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის - 3 000-ზე მეტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 10 000-ზე მეტი; მასწავლებლის გამოცდისათვის - 18 900-ზე მეტი.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის  ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.