„სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები შემდეგი სტანდარტით უნდა დაინერგოს - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთსა და იმავე დისციპლინაში, - განათლების მინისტრის ამ განცხადებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. გივი მიქანაძის გადაწყვეტილებაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახა კუდავამ ისაუბრა.

როგორც კახა კუდავა აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს, რასაც ის შედეგი მოჰყვება, რომ მივიღებთ მართვად ახალგაზრდობას, რომელსაც სათანადოდ აზროვნების უნარი არ ექნება.

„ყველა მოვლენას თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ისე, როგორც ამ ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას შეეფერება. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გვეყოლება მართვადი ახალგაზრდობა, რომელსაც სათანადო აზროვნების უნარი არ ექნება. ეს არის კრემლის პროპაგანდის თარგზე მოჭრილი გადაწყვეტილება, ვინაიდან სურთ, რომ დაბეჭდონ სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთის ომს არ დაერქმევა საქართველოსა და რუსეთის ომი. გაყალბდება ისტორია, რის გამოსწორებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება. რაც შეეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას, ყველა ნახავს, რასაც ამ სახელმძღვანელოებს დამართებენ.

გამომცემლობებმა მივმართეთ განათლების მინისტრს, ჩვენი მოსაზრებები მოესმინა, თუმცა, მოსმენის ღირსიც არ გაგვხადეს მაშინ, როცა სახელმძღვანელოების წერის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს.

ჩვენი ასოციაცია ნებისმიერი ფორმით იბრძოლებს. ეს არის ძალადობა ინტელექტუალურ საზოგადოებაზე, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზე“, - განაცხადა კახა კუდავამ.