ჯანმრთელობის კერძო სქემებში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა ერთ წელიწადში 21 070-ით გაიზარდა და 731 140 გახდა, რაც ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან წინა წლებში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო.

მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს, საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 212 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 28.6 მლნ ლარით მეტია.

2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 494 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 397 მილიონ ლარს.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.