გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი გაუწმენდავ გზებზე, ელექტროენერგიისა და გათბობის არარსებობაზე წუხს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

მარი ჩხაიძე ორი მცირეწლოვანი ბავშვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცხოვრობს. მას სოციალურ ქსეში დაწერა, რომ დახმარება სჭირდება:

„ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში დიდთოვლობის გამო შეზღუდულია კომუნიკაციები. ჩაკეტილია გზა, იქნებ გამოგვიგზავნოთ ტექნიკა (ტელეფონი 4 პროცენტზე მაქვს). ვისაც ხელი მიგიწვდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან, იქნებ დარეკოთ და მოხუცები მაინც მოიკითხონ. (ჭიშკრისხელა თოვლია. ზოგი კარმას ვერ რთავს, ზოგი კარს ვერ აღებს, ზოგს სახურავი აქვს გადასათოვლი. ზოგი ავარიულ სახლში ცხოვრობს“, - წერს მარიამი.

დეტალების დაზუსტება მასთან რადიო თავისუფლებამ ვეღარ შეძლო. დაკავშირებიდან მალევე ტელეფონი გაეთიშა. მხოლოდ ამის თქმა მოასწრო:

„არ გვაქვს შუქი, არ გვაქვს წყალი, ახლაც ბარდნის ინტენსიურად, გზაზე ტექნიკა არ მოძრაობს. გაზი გუშინ არ გვქონდა, დღეს აღდგა. ვისაც არ მოგვიმარაგებია სანთლები, ვართ მის გარეშე. დღეს ღობის მეზობელთან ზუსტად ნახევარი საათი მივდიოდი. ელემენტი სჭირდებოდა, მოხუცი ქალია. მაღაზია არ მუშაობს... გამახსენდა, რომ ძველი ლეპტოპი მაქვს, რომელსაც არ ვიყენებ და დღეს იმას დავუკავშირე ტელეფონი“, - თქვა მარიამ ჩხაიძემ.

გურიაში მცხოვრებლები სოციალურ ქსელშიც ჩივიან. ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც არც სახელს ამბობს და არც კონკრეტულ სოფელს ასახელებს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს გაუკვალავი თოვლი და ჩახერგილი გზა.

„ნახევარ მეტრზე დიდი თოვლია, არც გზას წმენდენ, არც გუშინ მოსულან, არც დღეს. ოთხი დღეა, დენი არ გვაქვს. თოვა დაიწყო თუ არა, ჩაქრა და არავინაა პატრონი. დარეკავენ, დენი არააო და, მოვა ერთ საათშიო. გზა და კვალი არ გვაქვს და ვინმე გლახად რომ გახდეს, სასწრაფო ვერ მოვა“, - ამბობს ის.

ვიდეო სოციალურ ქსელში ასობით ადამიანმა გააზიარა.

ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა შშმ პირთა პანსიონატმა "ბარბარემ“, რომელიც ურეკში მდებარეობს. ამ პანსიონატში 24 ბენეფიციარი ცხოვრობს.

დირექტორმა, მერაბ შათირიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დიდმა თოვლმა სრულად დაფარა სახურავები, რაც შენობის დაზიანების რისკს აჩენდა. მან დახმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვა. შშმ პირთა პანსიონატის ეს პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაიშალა. დავინტერესდით, რატომ?

„გამგებელი შემომეხმიანა, ბიჭები დამახმარა, ნახევარი სამუშაო უკვე გაკეთებულია, გადათოვლის პრობლემა მოიხსნა. შუქი, ცხადია, არ არის, იმიტომ რომ სადენები დაწყვეტილია, ეს პრობლემა ყველგანაა. უშუქობა არაფერია, გაზი არის სამაგიეროდ, მოგვარდა პრობლემა... მეშინოდა ჭერი არ ჩამომნგრეოდა, მარტო ვიყავი, ვერაფერს ვიზამდი“, - ამბობს მერაბ შათირიშვილი.

შშმ პირთა პანსიონატი „ბარბარე“, მას შემდეგ რაც მისმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე დაიჩივლა და დახმარება ითხოვა.

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოქალაქეების ნაწილი „ოზურგეთზე ჩასაფრებულია“. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი თოვლით გამოწვეული პრობლემების პოლიტიზებას ცდილობს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები პრობლემების მოსაგვარებლად 24 საათი მუშაობენ.

„ყოველდღე ყველა სოფელში დღეს ისე არ ვასრულებთ, რომ გზა არ გაიწმინდოს და ხელმისაწვდომობა არ იყოს.

მინიმუმ 36 საათია ოპერატორები და ტექნიკა არ გაჩერებულა. მეც ყველა სოფელში დავდივარ. არც სამაშველო და არც სასწრაფო არ ტოვებს გამოძახებებს, რომლებიც ყურადსაღებია და მისაღები. ღამის სამზე იყო გამოძახება, მივედით მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით პანიკური ზარი იყო.

... არ ვიცი, ეს არის, ოზურგეთში ჩასაფრებული ადამიანები, ნაწილი, არ მივაყენებ ყველას შეურაცხყოფას. დღეს ვხედავ, ოზურგეთში ოპოზიცია როგორ ცდილობს წააქეზოს, თუნდაც პანსიონატის ამბავზე, გამოგიგზავნით ფოტოებს, სოფლის გამგებელიც იქ დგას და ეხმარება, არ დაგვიტოვებია ასეთი დაწესებულებები უყურადღებოდ.

ადამიანი რომ იძახის დენი არ მაქვს, სამი დღეა და გამოდის და ტელეფონით ტიკტოკებს წერენ, გამოდის, რომ ლოგიკა იკარგება. ფიზიკურად ვერ დატენიდა რაღაც შესაძლებლობა რომ არ ყოფილიყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ავთანდილ თალაკვაძემ.

„ენერგო პრო-ჯორჯიაში“ამბობენ, რომ ელექტროენერგია მეორე დღეა შეზღუდვით მიეწოდება გურიის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. უშუქოდ ყოფნის სამ და ოთხ დღეს ასახლებენ ადგილობრივები.

„რაიონული ცენტრი სტაბილურად მარაგდება. მიზეზი არის დიდთოვლობა, რომელმაც გამოიწვია ხეების მოტეხვა, ეს ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს და სხვა ელექტროინფრასტრუქტურას. ტექნიკური ბრიგადები უკვე მეორე დღეა მუშაობენ. დღის ბოლომდე თუ არა, ხვალ ყველას აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, - თქვა "ენერგო პრო-ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა.

თოვლის გამო შეფერხებებია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, რომელიც გურიაზე გადის. მაგალითად, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 48-119-კილომეტრიან (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, დროებით შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამას გარდა, გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო 24 თებერვალს მატარებლების სამი რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

გაუქმებულ რეისებს შორისაა:

  • 24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
  • 24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი;
  • 24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი.

ავთანდილ თალაკვაძე გურიაში მცხოვრებლებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ 112-ში ან დაურეკონ სოფლის წარმომადგენლებს.

წყარო: რადიო თავისუფლება