თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, გაზრდილია მოთხოვნა გარეუბნებშიც.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას უძრავი ქონების კომპანია „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა განმარტავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, განსაკუთრებით დეკემბერში, რადგან ბევრი ადამიანისთვის დეკემბერი სიმბოლური დროა, საცხოვრებელი უძრავი ქონება შეიძინოს.
„დიდი მოთხოვნა არის ცენტრალურ უბნებში როგორც ერთ საძინებლიან, ისე ორ და სამ საძინებლიან ბინებზე და ვხედავთ, რომ მიწოდების ნაწილში გვაქვს დეფიციტი ცენტრალურ უბნებში ერთ და ორ საძინებლიან ბინებზე. რაც შეეხება გარეუბნებს, აქაც დეველოპერები საკმაოდ აქტიურები არიან. ფასების ნაწილშიც მცირედი ზრდა არის, რაც გამოწვეულია ისევ და ისევ იმით, რომ დეველოპერები სთავაზობენ მომხმარებლებს ძალიან კომფორტულ პირობებს, ისეთ პირობებს, როგორიც თუნდაც 2 წლის წინ არ ყოფილა. რაც უფრო მარტივი ხდება უძრავი ქონების შეძენა, გასაყიდი ფასიც შესაბამისად იზრდება.
ცენტრალური უბნების პარალელურად, საკმაოდ დიდი ზრდაა გარეუბნებშიც. მაგალითად, დღეს შეიძლება დიდი დიღმის რამდენიმე კორპუსში გარემონტებული ბინა 1600 დოლარად გაიყიდოს, რაც სრული სიგიჟეა და შარშან ამას ვერ წარმოვიდგენდით. ზოგადად, დიდ დიღომში გარემონტებული ბინები 1300-1500 დოლარის ფარგლებშია, მაგრამ არსებობს ისეთი კომპლექსებიც, სადაც უფრო ძვირიც ღირს“, - განმარტავს ვიქტორია საკუროვა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში ბინების მოთხოვნა უფრო საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, ბათუმში - უცხოელებზე. კერძოდ, თბილისში უცხოელების წილი სადღაც 20-25%-ია, ბათუმში პირიქით, ქართველების წილია 20-25%, დანარჩენი - უცხოელების. ამ უცხოელებში კი ბოლო 2 წელია ისრაელის მოქალაქეები ჭარბობენ, რაც წინა წლებში საერთოდ არ ხდებოდა.