პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე - „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - მუშაობა ფინალურ სტადიაზეა.

მისი თქმით, მოკვლევა 6 თვის წინ დაიწყო და მისი მიზანია ონკოპაციენტების საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც რეკომენდაციები უნდა მომზადდეს.

ზავრადაშვილის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ათასობით პაციენტი, ონკოლოგები, ყველა ონკოლოგიური კლინიკა, ექსპერტები და პაციენტების ოჯახებიც, რათა გამოკვლეულიყო მათი დამოკიდებულებები და განცდები.

ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, როცა ის დიდუბის გამგებელი იყო, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ რაიონში, უსახლკარობის შემთხვევების 57%-ის მიზეზი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაზე დაბალი ხელმისაწვდომობა იყო. კერძოდ, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დიდნა ნაწილმა განაცხადა, რომ ოჯახში ონკოპაციენტი ყავდათ და ამის გამო იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი გაეყიდათ.

დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიბო განაჩენი აღარ არის. თუმცა ესაა დაავადება, რომლის მკურნალობის ტექნოლოგიები მსოფლიოში ვითარდება, ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„კვლევამ სერიოზული ინფორმაცია მოგვცა. აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 12-14 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მიმართულებით უპრეცედენტო დაფინანსებაა, განსაკუთრებით ონკოლოგიური კუთხით, არის გარკვეული ხარვეზები.

აღმოჩნდა, რომ დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დასრულებამდე ჯაჭვი არაა უწყვეტი. არის ჩავარდნები, რომლებსაც ამოვსებას საჭიროებს. კერძოდ, ეს გამოჩნდა პირველადი დიაგნოსტიკის ნაწილში. პირველ სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნის შემთხვევაში დაავადება ადვილად განკურნებადია, ეს კი პირველ რიგში პაციენტისთვისაა მნიშვნელოვანი და, ამასთან, ფინანსურად დამზოგველია ოჯახებისა და სახელმწიფოსთვის, ვიდრე მესამე და მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნე.

ამიტომ საჭიროა პირველ ნაწილში ჯანდაცვის სისტემის ჩარევა, რომ კვლევების საბაზისო ნაწილი დაფინანსებული იყოს და უფრო ვალიდურ შედეგზე გავიდეთ,“ - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მეორე ჩავარდნად კი მან დაასახელა მკურნალობის თანამედროვე, იმუნო და თარგეტული თერაპია, რაც თანამედროვე მედიცინის მიღწევებია და კარგ შედეგს გვაძლევს. დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა პალიატიურ სერვისებზე.

კიდევ ერთ პრობლემად კვლევაში დასახელებულია იმ ოჯახების არასათანადო ხელშეწყობა, რომლებსაც ონკოლოგიური პაციენტი ჰყავთ.

ზავრადაშვილის თქმით, საუბარია ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ასევე შეღავათებზე სამსახურში სიარულის კუთხით. 
პარლამენტარის ინფორმაციით, კვლევის დასრულების შემდეგ რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც მიეწოდება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს. შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში კი, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს ექნება ვალდებულება, ამ რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგი გაუწიოს.

წყარო: jandavca.ge