დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდება 23 სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსზე და ეპიდსიტუაცია ამ სეზონის შესაბამისია.
„ზამთარია და გრიპისმაგვარი ვირუსები და თავად გრიპის შემთხვევები ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით ავადობა არაა მაღალი და 250-ია 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემიის ზღვარი კი ჩვენთან 500-მდეა, რასთან ახლოსაც ჯერ არ ვართ. რა თქმა უნდა, სტატისტიკა კიდევ მოიმატებს და ალბათ, დეკემბრის ბოლოს კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გვექნება. პირველი და ძირითადი რეკომენდაცია კი ვაქცინაციაა.
ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა და 150 000-მდე ადამიანი უკვე აცრილია. ვაქცინები კიდევ არის. ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დღესვე დაცულები არ ვართ და 7-დან 10 დღემდე პერიოდია საჭირო, რომ ვაქცინამ დაგვიცვას,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.