გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყლის მართვის ესპანური კომპანიის Aqualia და წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა წყლის რესურსების მდგრადი მართვის, საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები და სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მდგრადი მართვა და რაციონალური გამოყენება სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად მნიშვნელოვანია სექტორში ინვესტირება. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კი, შესაძლებლობას ქმნის, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები და გაუმჯობესდეს წყლის რესურსების მართვის პრაქტიკა.


საუბარი შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გაძლიერებას და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტიან მართვას.


აღსანიშნავია, რომ Aqualia ევროპის მასშტაბით წყლის მართვის სფეროში მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა, ხოლო Global Water Intelligence-ის რეიტინგის მიხედვით, მომსახურებული მოსახლეობის რაოდენობით, მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს