დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონგრესში „გამოყენებითი კონსერვაციის ტექნოლოგიები (ACT Con 2025)“, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ღონისძიება აერთიანებდა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებსა და მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომების განხილვასა და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობას კონსერვაციის პროცესებში.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთ აქტუალური თემები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის, დისტანციური მონიტორინგის, ბიომეტრიული სისტემებისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ბუნების დაცვის პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ტერიტორიების დაცვისა და პატრულირების, სამართალდარღვევათა გამოვლენისა და ხანძრის პრევენციის ეფექტიანობის გასაზრდელად. სააგენტო იყენებს SMART ტექნოლოგიების, სითბური დრონებით მონიტორინგის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წინასწარი შეტყობინების სისტემებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობა კონგრესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე ტენდენციების გაცნობის და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების კუთხით. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება სააგენტოს გუნდს განავითაროს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული მართვის მოდელები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.