კლინიკები DRG-ს ფარგლებში დაფინანსების კუთხით, ქირურგიის მიმართულებით, პრობლემებზე საუბრობენ. მათ შორის არის შემთხვევები, როცა ოპერაცია მისი მინიმალური ღირებულების 10-ჯერ ნაკლები თანხით ფინანსდება.

ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების უფროსმა  ივანე კილაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლინიკების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა.

„მძიმე ონკოლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ფინანსდება DRG-თ, მაგრამ შეუსაბამოდ დაბალი ტარიფებით, მაგალითად შარდის ბუშტის ოპერაცია- რადიკალური ცისტექტომია, რომელიც 10-ჯერ ნაკლებია მის მინიმალურ ღირებულებაზე. ასევე პრობლემაა ინტრაოპერაციოული სერვისები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელობისაა, ესაა ძუძუს კიბოს დროს სასიგნალო ლიმფური კვანძების შესწავლა, რაც ხშირად ინვალიდიზაციის მიზეზი ხდება,“ - განაცხადა ივანე კილაძემ.

მისივე თქმით, უნდა ფინანსდებოდეს რეკონსტრუქციული ოპერაციები ძუძუს კიბოს შემდგომ. ასევე მართალია, ფინანსდება რადიოთერაპია, მაგრამ მისი გართულებების მკურნალობა - არა.

შეგახსენებთ, რომ DRG-ს სისტემა ქვეყანაში გასული წლის ნოემბრიდან მოქმედებს. 

jandacva.ge