სამთავრობო კვარტალში, სადაც სახლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ხალხს ჭერი თავზე ენგრევა, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. მე-19 საუკუნით დათარიღებული განსაკუთრებული ესთეტიკით შესრულებული სახლები ახლა კრიტიკულ მდომარეობაშია. დაბზარულია კედლები და ჩამოშლილია ფასადი. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მე-3 ხარისხისაა და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. თუმცა, ადგილობრივები დახმარებას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
იმის ნაცვლად, რომ ახლა თბილისის მერია ავარიული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას იწყებდეს, მათ ახალი სამშენებლო ნებართვა გასცეს, რაც ამ სახლების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა ავარიულ შენობებთან იმდენად ახლოს დაიწყეს, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს სახლები ისე ზანზარებს, როგორც მიწისძვრის დროს. მშენებელმა კომპანიამ ერთადერთი რეკრეაციული ზონა სამშენებლო პოლიგონად აქცია. ვითარება ადგილზე იმდენად რთულია, მშობლებს სახლებში შვილების მარტო დატოვებაც ეშინიათ.
მოქალაქეები მოქმედებაზე გადავიდნენ და საცხოვრებელი სახლების გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლებმა სამართლებრივი დავაც დაიწყეს სამშენებლო კომპანია „ელ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა სამშენებლო ნებართვის გაუქმებაა.
ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას სხვა ლოკაციაზეც ითხოვენ.
ჩამონგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა - თბილისში ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა, რომ ავარიული შენობის გვერდით ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებელობა იმდენად ახლოს დაიწყეს, რომ მძიმე ტენიკის მუშაობის დროს სახლები ზანზარებს.
ინგოროყვას ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლები ახლაც არიან შეკრებილები. ხალხი ამბობს, რომ შენობა შესაძლოა, ნებისმიერ წამს თავზე ჩამოეშალოთ. ირკვევა, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი დავაც, რომ სამშენებლო კომპანიამ სამხარაულის დასკვნა გაითვალისწინოს და მშენებლობა დროებით მაინც შეჩერდეს.
"ორივე ამ შენობაზე გვაქვს როგორც სამხარაულის, ასევე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნები, რომელიც ცალსახადა აფიქსირების, რომ შენობა-ნაგებობა არის მესამე კატეგორიის დაზიანების, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აღდგენა ან გამაგრება შეუძლებელია, უნდა ჩანაცვლდეს. შენობა-ნაგებობა ისედაც ინგრევა და ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ვიზუალურადაც ძალიან ცალსახად ჩანს. ამ მოცემულობით აქ, 4-5 მეტრში ახალი სამშენებლო განვითარება, ცხადია, რომ ჩვენზე ძალიან უარყოფითად აისახება. პირობების მიედვით გზა და გზა ხდება ახალი დასკვნების მომზადება იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს ეს არის უსაფრთხო. ეს სამუშაოები შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება დეტალური ზეგავლენის ანგარიში იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას იქონიებს", - ამბობს ადგილობრივი.