საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ისრაელისა და ჩინეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ისინი ყიდულობენ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ისე პრემიუმ კერძო სახლებს, მიწებს, ასევე დაინტერესებული არიან კომერციული უძრავი ქონებით. მოთხოვნა გაზრდილია როგორც დედაქალაქის, ისე ბათუმის ბაზარზეც.

2024 წლის 8 თვეში დედაქალაქში 1,953.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, 1%-ით მეტი ვიდრე წინა წელს. ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზეა, თუმცა შეიცვალა ტენდენცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ვინც ყიდულობს საცხოვრებელ უძრავ ქონებას საქართველოში.

თუ აქამდე ძირითადად მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მომდინარეობდა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის გააქტიურებული ისრაელი. ამას მოწმობს საინვესტიციო ბანკ G&T-ის ბოლო კვლევაც, რომელიც სისტემური დეველოპერების გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. 2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. ისრაელის მოქალაქეების წილი კი მნიშვნელოვნად, 5%-დან 11%-მდე გაიზარდა, რამაც რუსეთის მოქალაქეების წილის 9%- იდან 2%-მდე შემცირება დააკომპენსირა.

უძრავი ქონების ასოციაციის ინფორმაციით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა ბოლო პერიოდში ჩინეთის მოქალაქეების მხრიდანაც. როგორც ირკვევა, ისინი ძირითადად კომპლექსებში რეკრეაციულ ზონებთან ახლოს ყიდულობენ საცხოვრებელ ბინებს, თუმცა ამავდროულად დაინტერესებული არიან კომერციული უძრავი ქონებითაც.

„წამყვანი არის საქართველოს მოქალაქეები, გარდა ამისა ქართველი ემიგრანტები, ასევე საცხოვრებელ უძრავ ქონებას რა თქმა უნდა, ყიდულობენ უცხოელები. რუსეთის მოქალაქეების წილი წინ აპერიოდთან შედარებით არის შემცირებული. რუსეთ-უკრაინის ომის გამო იყო მათი მხრიდანგაზრდილი, თორემ სინამდვილეში დავუბრუნდით ჩვეულებრივ ნიშნულს, რაც იყო.

საცხოვრებელ ქონებაზე მოთხოვნა ასევე ძალიან გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების მხრიდან. ისინი ბინებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ასეთი ბინების შეძენა ხდება ძირითადად კომპლექსებში, სადაც უფრო მეტად ინფრასტრუქტურაა განვითარებული. რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქეებს, ისინიც ირჩევენ კომპლექსებს საცხოვრებლად და პარკთან სიახლოვეს.

საინვესტიციო მიმართულება საცხოვრებლის მიმართულებისგან ბევრად განსხვავდება. საინვესტიციოდ ყოველთვის მოთხოვნადი იყო საქართველოში პროექტები, თუმცა ჩინეთი ნამდვილად ძალიან გააქტიურებულია, ადრე არ მახსოვს ჩინეთის მოქალაქეები ასეთი დაინტერესებულიყვნენ. ძირითადად აინტერესებთ საოფისე სივრცეები, დიდი მასშტაბური პროექტები.

რამდენიმე ობეიქტი მათ უკვე იყიდეს, კომერციული ქონებებიც იყიდეს. საინტერესო მომავალი გვაქვს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”,-აცხადებს უძრავი ქონების ასოციაციის წევრი, ნატა მოდებაძე.

ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ასევე მზარდი შესყიდვებით გამოირჩევიან ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. როგორც საბროკერო კომპანია ODA property-ს ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, ისრაელი და პოლონეთი ყველაზე აქტიურია დღეის მდგომარეობით აჭარაში. შეინიშნება ჩინეთის მოქალაქეების გააქტიურებაც, თუმცა როგორც ირკვევა, ჩინელებს ტრანზაქციებთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, რაც ჩინეთის მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

„გამოვარჩევდი 2 ქვეყანას, რომელიც აქტიურია ჩვენს ბაზარზე. დღეის მდგომარეობით, ეს არის ისრაელი, ასევე პოლონეთი. რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქეებს, ჩინეთის მოქალაქეებთან ჩვენ გვაქვს აქტიური მიმოწერა, ნამდვილად გააქტიურებული ეს ქვეყანა ჩვენს ბაზარზე, უბრალოდ აქვთ სირთულეები თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით. თავიანთ ქვეყანაში აქვთ შეზღუდვები, შესაბამისად ვერ ახერხებენ მარტივად თანხების გადმორიცხავს. შესაბამისად ეს ეტაპი არის გადასალახი, რომ ჩინეთი გააქტიურდეს ჩვენს ქვეყანაში. მათი მხრიდან ინტერესი არის როგორც პრემიუმ კლასის ქონებაზე, ასევე კომერციულზე, რადგან აქვთ ინტერესი გახსნან კომერციული დანიშნულების ობიექტები, ეს შეიძლება იყოს რესტორნები, სუპერმარკეტები ან მომსახურების სფეროს სხვა ობიექტები.

ჩვენი კომპანიის გაყიდვებში 40%-იანი წილი უჭირავს ისრაელს. ბათუმის ბაზარზე 20-25%-იანი ისრაელის წილი ბაზრის შენაძენში. საუბარია როგორ საინვესტიციო, ისე საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე”,- აცხადებს თეა წეროძე, ODA property-ს დირექტორი.

როგორც ირკვევა, ისრაელის მოქალაქეები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით ისარელ-პალესტინის კონფლიქტის ფონზე გააქტიურდნენ, რადგან მათთვის რეგიონში საქართველო უკუგებიდან გამომდინარე საინვესტიციოდ ყველაზე საინტერესოა. რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქეებს, როგორც “საკურა ფროფერთის” დამფუძნებელი აცხადებს, ისინი არამხოლოდ საცხოვრებელ ბინებს, ყიდულობენ მიწებს, შენობებს და დაინტერესებული არიან კომერციული ფართებით.

“ვხედავთ ტენდენციას, რომ ჩინეთის მოქალაქეები ყიდულობენ პრემიუმ კერძო სახლებს, აბანდებენ დიდ პროექტებში ფულს, ყიდულობენ შენობებს, მიწებს და ამის ტენდენცია დღეს ნამდვილად შეინიშნება. განსხვავებით ისრაელის მოქალაქეებისგან, რომლებიც შედარებით დაბალ ინვესტიციებს ახორციელებენ, შეიძლება იყიდონ რამდენიმე ბინა მშენებარე პროექტში, იყიდონ პატარა კომერციული ფართი. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან ხორციელდება დიდი ინვესტიციები, რაც ომამდეც არსებობდა”,- აცხადებს ვიქტორია საკუროვა.

უძრავი ქონების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისრაელ-ირანის დამოკიდებულებიდან გამომდინარე ბაზარზე ასევე მოლოდინია, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი გაიზრდება ირანის მოქალაქეების მხრიდანაც.

bm.ge