Bus Lane-ზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 77 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები იყვნენ.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს.
ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.