„ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ ყოფილი მენეჯმენტისა და 30%-იანი წილის მფლობელი ცოლ-ქმრის, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელებისთვის, თბილისის საქალაქო სასმართლოს სარჩელით მიმართა. 2026 წლის 5 თებერვალს, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში“, - ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული საქმის ფარგლებში, მოპასუხეების - ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძისგან, მოსარჩელე ითხოვს მათ მიერ გავრცელებული, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი, დეფამატორული ცნობების საჯაროდ უარყოფას.
„კერძოდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან გავრცელდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და მასთან აფილირებული პირების მიმართ ისეთი მძიმე ბრალდებები, როგორიც არის დოკუმენტების გაყალბება, ქონების მითვისება, სახელმწიფო სტრუქტურის თანამდებობის პირებზე ზეწოლა და სხვა. ამავდროულად, მოპასუხეები ცდილობენ საზოგადოება განზრახ შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს, სკოლაში მოსწავლეების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც, სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა თითქოსდა შემცირდა.
ამ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი არის ერთადერთი: ზიანი მიადგეს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ავტორიტეტს. მსგავსი ბრალდებები საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი არსებულ და მომავალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებში, ავტომატურად აჩენს ქაოსისა და არასტაბილურობის განცდას, რაც საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სუბიექტისთვის კრიტიკულად დამაზიანებელია.
სკოლა, პირველ რიგში, უსაფრთხო გარემოსთან უნდა ასოცირდებოდეს. ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობები ლახავს იმ მაღალ რეპუტაციას, რომლითაც „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ საზოგადოებაში სარგებლობს.
სარჩელის მიზანია, რომ სასამართლოს გზით დადასტურდეს ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებული ბრალდებების სიცრუე და სკოლის რეპუტაციის დაზიანების მცდელობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ,“ - აღნიშნულია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განცხადებაში.