„რთული თამაში გამოვიდა. სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან თამაში შეაფასა და პორტუგალიასთან შანსებზეც ისაუბრა.

„შემდეგი თამაში გვაქვს პორტუგალიასთან, ჩემპიონატის ფავორიტი გუნდია. ფეხბურთია, ყველაფერი ხდება - ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, გასაკეთებელს გავაკეთებთ. გასულმა თამაშებმა აჩვენა ქართული სულისკვეთება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. ეს ხალხი, ვინც აქ მოვიდა, დაგვეხმარა ამ სულისკვეთების გამომჟღავნებაში. მადლობა მათ, რომ ჩამოვიდნენ ამხელა გზაზე, საქართველოდან გერმანიაში, მხარი დაგვიჭირეს და მართლა საოცარი ატმოსფერო შექმნეს.

სამივე მოწინააღმდეგე სხვადასხვა ტიპის გუნდია. ჩეხეთი უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. პორტუგალიის თამაშს განვიხილავთ და იმის მიხედვით ვითამაშებთ, როგორც გვეტყვის მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ერთ-ერთი ფავორიტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - განაცხადა მამარდაშვილმა.

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. Sofascore-ის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9.7 ქულა აქვს. საუკეთესო იყო მამარდაშვილი flashscore.com-ის მონაცემებითაც. პორტალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 8.8 ქულა აქვს.