საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება შენარჩუნდება. ცვლილებას “საქართველოს მოქალაქეობის” შესახებ კანონი ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ, 2027 წლის 1 იანვრამდე სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით.
მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა რაოდენობა წლების მიხედვით ასეთი იყო:
• 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 1073-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 5286-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 3064-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 13406-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1999-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 6016-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2024 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1776-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 7588-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.