საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა 2021-2025 წლებში მიღწეულ შედეგებზე და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დაფინანსებაზე.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები გაზრდილია 3 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტით, ანუ, ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 38% სწორედ ამ მიმართულებით გამოიყო. 2025 წლისთვის ხარჯის მაჩვენებელი 8 მილიარდ 500 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა, კერძოდ:
⏺ 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 110 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი შეადგინა;
⏺ 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი შეადგინა;
⏺ დაფინანსდა 85 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა;
⏺ 40%-ზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1035 ლარამდე;
⏺ პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები;
⏺ დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს;
⏺ ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 600 მილიონ ლარზე მეტით.
მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 1.8 მილიარდ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და ჯამში, 2024 წლისთვის 4.2 მილიარდ ლარს აღწევს. გაზრდილი დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა, რომელმაც ბოლო 4-წლიან პერიოდში 60%-ს მიაღწია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 4-წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 46%-ზე მეტით გაიზარდა.
ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) გაზრდილ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დაფინანსება გაზრდილია 2 მილიარდ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22%) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით ზრდა.
მისი განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 2025 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა 8 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 66%-ზე მეტით (3,2 მილიარდ ლარზე მეტით).
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.