თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 3 დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული 3 მამაკაციდან 1 რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებად საშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ ექსპერტი.

აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.