რამდენად ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ქართული კომპანიები, რა მიმართულებით ჯობია მისი დანერგვა და რეალურია თუ არა საზოგადოების ნაწილის შიში, რომ AI ადამიანს ჩაანაცვლებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელმა, გიგი გიორგაძემ ისაუბრა.

გიგი გიორგაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესს სჭირდება, სწრაფად ადაპტირდეს ახალ ტექნოლოგიებთან და დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების დანერგვის მიმართულებით.

„პირველ რიგში, ის უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან დიდი ტერმინი, რომელიც ძალიან ბევრ ქვემიმართულებასა და ქვეტექნოლოგოიას მოიცავს. მაგალითად, როცა მეილს ვიღებთ და ზოგიერთი მათგანი სპამში მიდის, ესეც ხელოვნური ინტელექტის შედეგად იფილტრება. ან როცა პაციენტი რომელიმე კლინიკაში ტომოგრაფიულ კვლევას იტარებს, შემდეგ კი ექიმი შიფრავს მიღებულ გამოსახულებას, ესეც ხელოვნური ინტელექტია და ასევე, ხელოვნური ინტელექტია იგივე Chatgpt“, - განმარტავს გიგი გიორგაძე.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის კონკრეტულ ტექნოლოგიებს უკვე იყენებს ბევრი ბიზნესი. უფრო ახალ, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტის გამოყენების მიმართულებით კი, რომელსაც ხმის, ტექსტის ან გამოსახულების გენერაცია შეუძლია, ლიდერი რამდენიმე კომპანიაა. მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „არდი“, რომელმაც AI ასისტენტი ქოლცენტრში დანერგა, ასევე, „ალტა“.

„მე პირადად საქართველოში ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურიდან გაუშვეს. უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც წესი, ბიზნესი ხელოვნურ ინტელექტს რუტინული ამოცანებისთვის იყენებს, საქმისთვის, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებით დიდი ადამიანური ყურადღება. მაგალითად, დამიჯავშნე შეხვედრა, ერთსა და იმავე კითხვაზე მიპასუხე, როგორ დავაბრუნო პროდუქტი უკან. ტრენდი მსოფლიოშიც იგივეა და საქართველოც ამას მიჰყვება. ხშირად ვიმეორებ, რომ არ ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში. ბიზნესს, რომელსაც აქვს ბევრი განმეორებადი ოპერაცია, მაგალითად, პასუხს სცემს ზარებს, მესიჯებს, მუდმივად აკეთებს ერთსა და იმავე საქმეს, შეუძლია, რომ მცირე ინვესტიციით, ქართულ ან უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობით, საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტი დანერგოს“, - აცხადებს გიგი გიორგაძე.