შტორმი ბათუმის სანაპიროზე - სრულად არის დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა. შავი ზღვისპირა ქალაქში გვიან ღამემდე ძლიერი ქარი და წვიმა იყო.  სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ  მძიმე ვითარება იყო ბულვარის ტერიტორიაზეც. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბათუმში სანაპიროზე შტორმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება. სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი იყო მოსალოდნელი.