საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.
ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
შსს-ს ცნობით, ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი და „ნატო“-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურქული ხომალდის მეთაურობას შეხვდება. გაიმართება ოფიციალური მიღება თურქული ხომალდის ბორტზე. ასევე, ეკიპაჟის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.