ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა უკვე მეათე წელია ჭიანურდება. ქალაქის მოქმედ სასაფლაოებზე კი თავისუფალი ადგილები, ფაქტობრივად, აღარ არის.
ახალი სასაფლაოსთვის 168 300 კვადრატული მეტრი [16,8 ჰექტარი] ტერიტორიაა გამოყოფილი და მის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან სულ ცოტა 3,5 მილიონი ლარია დახარჯული.
სასაფლაო ჩაქვის დასახლებაში 2017 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ქალაქის მერია იქ მხოლოდ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავს.

ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში[მონიშნულია წითელი ფერით]
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში „მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის“ 1 453 100 ლარია გათვალისწინებული.
აქედან მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოებში“ დასაქმებული 67 პირის ხელფასებში ჯამში 1 224 600 ლარი დაიხარჯება; შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 9 პირის ხელფასებში – 98 600 ლარი; მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯებისთვის 14 ათასი ლარია გათვალისწინებული, 3 500 ლარად კი კომპიუტერულ ტექნიკას შეისყიდიან.
„ბათუმის მუნიციპალიტეტს მოვლა-პატრონობაში აქვს 44,3 ჰექტარი მუნიციპალური სასაფლაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება, როგორც მოვლა-პატრონობის, აგრეთვე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებები,“ – წერია ბიუჯეტში.
ამ 44 ჰექტარში კი ჩაქვის დასახლებაში სასაფლაოსთვის გამოყოფილი ტერიტორიაც შედის.

ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში
რატომ არ იხსნება ახალი სასაფლაო? – ამ კითხვით „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის, გეოლოგიური. [ბათუმის მერიის] საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დეტალურ გეოლოგიურ კვლევას ატარებს შპს tuski geology group-ი. კომპანია ტენდერით შეირჩა,“ – მოგვწერეს მერიიდან 19 დეკემბერს.
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით, „დაბა ჩაქვში, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებაში“ მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს 17 ათას 460 ლარი აქვს გადახდილი.
სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი 2025 წლის 19 დეკემბერსაა გაფორმებული, თუმცა „ბათუმელებისთვის“ გეოლოგიური კვლევის შედეგები, ამ ეტაპზე უცნობია.
ჩაქვში ახალი სასაფლაოს გახსნაზე სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო და ახალი სასაფლაოს მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან თავის დროზე 3,5 მილიონამდე ლარიც დაიხარჯა.
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად კი მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილები დახრამა და ხევები გააჩინა.
2019 წელს ბათუმის მერიამ პროკურატურასაც კი მიმართა – პროექტის შესწავლის მიზნით.