ათი ქართველიდან რვა საახალწლო სუფრის მნიშვნელოვან ატრიბუტად საცივს, ხაჭაპურს და გოზინაყს მიიჩნევს, - ინფორმაციას კვლევითი კომპანია „მეთოდო“ აქვეყნებს.

„ახალი წელი ახლოვდება და სუფრაც თავისას ითხოვს. საახალწლო სუფრა მხოლოდ გემოების არჩევა არ არის და ის ხშირად იწყება კითხვით: გვეყოფა თუ არა ბიუჯეტი? სანამ კერძები სუფრაზე აღმოჩნდება, ბევრს უწევს ფიქრი ფინანსურ მხარეზეც. ის რასაც ქართველები საახალწლო სუფრაზე ვდებთ და სტუმრად მისულები გემრიელად ვეახლებით, ყოველი ხუთი ოჯახიდან ორში ფინანსური დანაზოგის შედეგია (43%), მათში უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, რაც ცხადჰყოფს, რომ საახალწლო სუფრა ბევრისთვის წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ეს პასუხები ნათლად აჩვენებს, რომ ახალი წელი არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფინანსური მოვლენაცაა, სადაც ტრადიციასა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის პოვნა სულ უფრო რთული ხდება“, - წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, როგორც „მეთოდოს“  მიმოხილვიდან ირკვევა, თითქმის ყოველი მეორე ქართველი (47%) ახალი წლისთვის განსაკუთრებულ მზადებაზე უკვე უარს ამბობს. ეს ტენდენცია უფრო მეტად თვალსაჩინოა დაბალი შემოსავლის მქონე ინდივიდების შემთხვევაში (57%), რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საახალწლო სამზადისი მხოლოდ ტრადიცია კი არა, ფინანსური შესაძლებლობების საკითხიცაა და მოსახლეობის უკვე საკმაოდ დიდი სეგმენტისთვის გამოწვევას წარმოადგენს.