საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უნივერსიტეტი, საკუთარი წესდებიდან გამომდინარე, ყოველთვის მოქმედებდა და ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

„ა.წ. 14 მაისს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო სტუდენტების განცხადება. განცხადებაში სტუდენტები თხოვნით მიმართავენ უნივერსიტეტს მხარდასაჭერად, რათა წარმატებით დასრულდეს საგაზაფხულო სემესტრის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აკადემიური პროცესი. უნივერსიტეტი, საკუთარი წესდებიდან გამომდინარე, ყოველთვის მოქმედებდა და ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

თავისი არსებობის მანძილზე ჩვენს უნივერსიტეტში არასდროს ყოფილა პროფესორთა და სტუდენტთა რაიმე სახის დევნა-შევიწროება ან პრივილეგირება პოლიტიკური ნიშნით, არავისი პროფესიული ღირსება არ შელახულა მისი მოქალაქეობრივი პოზიციისა თუ საზოგადოებრივი აქტივობის გამო. უნივერსიტეტი დღესაც ამ საუკეთესო ისტორიული ტრადიციის ერთგული რჩება და მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური აგიტაციისა თუ პარტიული პროპაგანდისაგან.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს - რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი ისტორიული შენობა არაერთი ტრაგიკული მოვლენის მომსწრეა. უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და თანამშრომლები ამ მოვლენათა ეპიცენტრში იყვნენ ყოველთვის. 1989 წლის აპრილის მოვლენების დროს, როდესაც დედაქალაქი მოიცვა საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო მოთხოვნამ, მოშიმშილე მომიტინგეებს შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ. ისინი იხსენებენ, რომ ბრძოლის ამ უკიდურეს და უმძაფრეს ფორმასაც კი არ შეუშლია მათთვის ხელი, ყოველდღე ევლოთ რეპეტიციებზე მშობლიურ ,,თეატრალურში“. მიუხედავად ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტის არცერთ პროფესორს, მასწავლებელსა თუ თანამშრომელს არ უთქვამს უარი თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, უნივერსიტეტი ამ შემთხვევაშიც თავისი საუკეთესო ტრადიციის ერთგული დარჩა.

ჩვენი საზოგადოება დღესაც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსკენ, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ... და ამ გზაზე განათლებასა და კულტურას გადამწყვეტი როლი ენიჭება.“ - წერია განცხადებაში.