ფონდ "ღია საზოგადოების" იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიერ გამკაცრებულ ნორმებზე, გაზრდილ ჯარიმებსა და ახლადმიღებული კანონების მიზნიობრიობაზე წერს.

იურისტის შეფასებით, კანონების დიდი ნაწილის აღსრულებულის რესურსი სახელმწიფოს არ აქვს და ეს მოქალაქეების დასაშინებლად დაყენებული პოლიტიკური კვამლია. 

იურისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ცოტა სხვა თვალით მინდა შევხედოთ ახალ რეპრესიულ კანონებს:

- ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 4-ჯერ, 60 დღემდე გაიზარდა, რითაც რუსეთსა და ბელარუსს ორჯერ გავასწარით. თუმცა, პატიმრობის ვადის ზრდა იზოლატორებში ადგილების ზრდას არ ნიშნავს. მაგალითად, თელავში ისევ მხოლოდ 5 (ორადგილიანი) საკანი რჩება, ზესტაფონში - 4 და ა.შ. ამასთან, შესაძლებელია საკანში მარტო ყოფნის მოთხოვნა. ეს საკნები საჭიროა ასევე ბრალდებულების, მართლა ხულიგნების და სხვა პირების მოსათავსებლადაც. ამიტომ 60 დღით, შეიძლება, საჩვენებლად რამდენიმე ადამიანი ჩასვან, მაგრამ მეტს ვერ შეძლებენ - უბრალოდ ადგილი აღარ დარჩება ახლების დასაკავებლად. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის შემდეგ მხოლოდ 1 ღამე იყო ისეთი, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით 40 ადამიანზე მეტი დააკავეს და მაშინაც ყველას გამოშვება მოუწიათ. შსს-ს ამ ეტაპზე ადმინისტრაციული პატიმრობის დიდი ხნით გამოყენების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.

- ანალოგიური ვითარებაა ჯარიმებთან დაკავშირებით. პარლამენტს შეუძლია გაზარდოს ჯარიმების ოდენობა, შსს-ს შეუძლია მათ გამოსაწერად ახალი დანაყოფები დაიხმაროს (პატაკს ნახავდით), მაგრამ სასრულია მოსამართლეების ოდენობა, ვინც სამართალდარღვევა უნდა გააფორმონ. სასამართლო სისტემა იმდენად გაჭედილია, რომ წინა კვირაში რამდენიმე მოსამართლეს ყველა სხდომის გადადება მოუწია. ყველა ახალი საჩივარი წინა პროცესის გახანგრძლივებას ნიშნავს. ამიტომ - გაასაჩივრეთ ყველაფერი, ეს დაეხმარება სხვა მოქალაქეს, ვისი სხდომაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

- დაკანონდა რამდენიმე ისეთი დარღვევა, რასაც პოლიცია პრაქტიკაში მაინც აკეთებდა. მაგალითისთვის, აკრძალული იყო მოწმის გარეშე პირის ჩხრეკა, თუმცა პოლიცია ამ წესს სისტემატურად არღვევდა. ახლა კანონის დონეზე შეეძლებათ, ჩხრეკას მოწმე არ დასწრონ, მაგრამ პრაქტიკაში ეს ხომ არაფერს ცვლის - აქამდეც, ისედაც ასე იყო. ანალოგიურია ცვლილება, რომლითაც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიციელის შეურაცხყოფა ცალკე სამართალდარღვევა ხდება. პრაქტიკაში, მსგავსი შეურაცხყოფისთვის ადამიანებს აქციაზე ისედაც იჭერდნენ, როცა მოიხელთებდნენ - იქნებოდა ეს მონის ძახილი თუ ირაყლის ტრანსპარანტი. ადრე ამას აფორმებდნენ 166/173 მუხლით, ახლა გააფორმებენ სხვა მუხლით, მაგრამ რეალობა იგივედ რჩება. ასეთივეა ნორმა, რომლითაც სპონტანური შეკრების დროს წერილობითი გაფრთხილება ხდება აუცილებელი, ან ის, რომ ონლაინ დაწერილი სტატუსის/კომენტარის გამო შეიძლება სამართალდარღვევა დაწერონ - აქამდეც ასე იყო, უბრალოდ აქამდე სასამართლო განმარტავდა ნორმას ფართოდ, ახლა კი მუხლში ჩაწერეს იგივე. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

ცხადია, ეს ცვლილებები დრაკონული და სამართლებრივ სახელმწიფოსთან შეუთავსებელია. მე მხოლოდ იმის შეხსენება მინდა, რომ, მეგობრებო - განა აქამდეც ასე არ ვცხოვრობდით? უბრალოდ აქამდე კანონი ფორმალურად მაინც ირღვეოდა და მომკითხავი არავინ იყო, ახლა კი - რასაც აკეთებდნენ, ფორმალურად 'კანონიერად' აქციეს.

ცხადია, ამ ცვლილებებში ისეთი ნორმებიცაა, არსებულ ვითარებას რომ აუარესებს: 60 დღემდე პატიმრობას რამდენიმე პირის მიმართ ალბათ მაინც გამოიყენებენ; გაფიცულ სტუდენტებს შეიძლება აუდიტორიების დატოვება მოსთხოვონ, მესაკუთრის თანხმობა არ გაქვთო; ჯარიმების ზრდა ცალკე პრობლემაა. მაგრამ მე მინდა ისიც დავინახოთ, რომ ბევრი რამ უბრალოდ ჩვენს დასაშინებლად დაყენებული კვამლია. ბლეფი.

რატომ აკეთებენ ამას?

თანდათან გვიახლოვდება დღე, როცა ბურუსი გაფანტვას დაიწყებს. რაც უფრო უახლოვდება ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს, მით უფრო ცოტა დრო რჩება იმის გასაგებად, ჩვენი ბრძოლა მოკლევადიანი იქნება, თუ გრძელი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროტესტის მსგავსიც კი არაფერი ჰქონდა მოლდოვას, როცა სანქციებმა იქაური ბიძინას ურემი გადაატრიალა (სხვათა შორის, ტრამპის პირველი ვადის დროს) და მერე, თითქოს არსაიდან, მათი ფართო ევროპული გზაც გამოჩნდა.

ამიტომ ოცნება მაქსიმალურად ცდილობს, რომ როგორმე ნისლის გაფანტვის მომენტამდე ვერ მივაღწიოთ. ჩვენი დაშინების, დათრგუნვის და შეჩერების მცდელობაა პოლიციელების დაგეშვა, უკანონო და აგრესიული ჩხრეკები, მანქანების ადევნება, ‘კეთილისმყოფელების’ პირით დაშინება და, თუნდაც, გუშინდელი რუსთაველის 'გაწმენდა'. ამ მცდელობის ნაწილია რეპრესიული კანონების წყებაც, რომელშიც ლამის ყველაფერი ჩაწერეს, რასაც ადამიანების დათრგუნვა შეუძლია.

მე არ ვამბობ, რომ დისიში საკითხი აუცილებლად საჩვენოდ გადაწყდება. ვერავინ განჭვრეტს წინასწარ, რას გადაწყვეტს ტრამპის ადმინისტრაცია (მათ შორის ვერც ქოცები - ამიტომაც აჩქარდნენ და ყველაფერი ერთად მოგვაყარეს). მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ შანსი არსებობს. რომ შიში და დანებება ჯერ ადრეა. რაკი გვირაბის ბოლოს სინათლე უახლოვდება, ის მაინც გავიგოთ, მზის შუქია, თუ მეტროს ვაგონის ნათურა :))

როცა მიზნისკენ 74 დღეა მივდივართ, გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს. დღესაც, ხვალაც, თხუთმეტშიც, ოცდახუთშიც და მერეც - ყველანი, ისევ, რუსთაველზე", - წერს იურისტი სოციალურ ქსელში.