განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მომავალ სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ხოლო 2025-2026 სასწავლო წელს სწავლის დაწყებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
განათლების სამინისტროს განცხადებაში არ წერია თუ რამდენად მზად არიან საქართველოში არსებული სკოლები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მისაღებად, რამდენად ფლობენ პედაგოგები თამაშით სწავლების სტრატეგიას და რამდენად მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგმა 5 წლის ბავშვებზე.
აღნიშნულ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „განათლების უფლება“ მათემატიკის მასწავლებელმა, დაჩი ნანობაშვილმა და ფსიქოლოგმა გვანცა ჩვამანიამ ისაუბრეს.
დაჩი ნანობაშვილის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მაშინ როდესაც საკუთარი შვილი სკოლაში მიჰყავდა დაშვებული იყო 5 წლის ბავშვის მიყვანა არ შეიყვანა, რადგან ბავშვს ჰქონდა ბაღში სიარულის საშუალება და იმ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც იმ ეტაპზე სჭირდებოდა.
„6 წლის მივიყვანე სკოლაში, ახლა არის 21 წლის არის მესამე კურსზე და 5 წლის რომ მიმეყვანა იქნებოდა 4-ე კურსზე და რა შეიცვლებოდა. სკოლა იყო ადგილი, სადაც მას მიუხაროდა დაწყებით კლასებში და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, არ იღებდა მასწავლებლებისგან შენიშვნას იმ ბავშვებისგან განსხვავებით ვისაც უბრალოდ არ შეუძლიათ დიდ ხანს ერთ ადგილზე ჯდომა, რადგან პატარები არიან. ასაკით პატარა არის არის მზად , რომ დიდ ხანს იყოს გარემოში და დაემორჩილოს იმ წესებს, რასაც მასზე 6-7-8 თვით დიდი ბავშვები ახერხებენ. აქ საუბარია რისკებზე ძალიან მაღალი იყო ჩემთვის რისკი იმის, რომ ჩემ შვილს რაღაცეები არ გამოსვლოდა, რაც თვითშეფასებას დაუქვეითებდა“ - აღნიშნა დაჩი ნანობაშვილმა.
გვანცა ჩვამანიას თქმით აკადემიური მზაობა არ ნიშნავს სასკოლო მზაობას, მისივე თქმით სასკოლო მზაობა არის ემოციური მზაობა, როდესაც მოსწავლეს შეუძლია თანატოლთან ურთიერთობა, ნივთის თხოვება, კონფლიქტის გარეშე პრობლემის მოგვარების უნარი.
„სასკოლო მზაობა გულისხმობს მოტორულ მზაობასაც და ამის კვლევები არსებობს, თუ ბავშვს არ შეუძლია თასმის შეკვრა, ამანაც შეიძლება სასკოლო მზაობაში ხელი შეუშალოს. ბავშვს სკოლაში თვითმოვლის უნარები გამომუშავებული უნდა ჰქონდეს და როდესაც სკოლაში დიდ დროს ატარებს დამოუკიდებლად, საკუთარი თავის მოვლა უნდა შეძლოს.
ასევე მნიშვნელოვანია ემოციური მზაობა, ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის ნებისყოფა , რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რაც გარკვეულ ასაკში ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ტვინის და ასაკობრივი განვითარება არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისყოფით იყოს აღჭურვილი, ეს მზაობა ერთ დღეში არ იქმნება, დიდი შრომაა გასაწევი იმისთვის, რომ ეს მზაობა იყოს მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება.
სამი წლიდანაც კი შეიძლება დაიწყონ პედიატრებმა, მშობლებმა, ბაღის აღმზრდელებმა იმის შემოწმება თუ რამდენად კარგად ვითარდება ბავშვი იმისთვის, რომ როდესაც დადგება დრო აკადემიური სწავლებისთვის იყოს მზად. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი გამოხატავს სურვილს, რომ რაღაც წრეზე იაროს და მერე ბეზრდება, ესეც იმიტომ ხდება, რომ ნებისყოფა არ ყოფნის. თუ ეს ბავშვს არ გამოუმუშავდა და ნებისმიერი მარცხის მიუხედავად სწავლა თუ არ გააგრძელა პროცესი ვერ შედგება“ - აღნიშნა გვანცა ჩვამანიამ.
კითხვაზე თუ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება იმისთვის, რომ განსაზღვროს თუ რამდენად არის ბავშვი მზად სკოლისთვის და რა არის ის ძირი მდგენელები, რითაც მშობლებმა უნდა იხელმძღვანელონ ბავშვის სკოლაში მიყვანისას, გვანცა ჩვამანია აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ბევრი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ , რომ ზოგჯერ 6 წლის ბავშვიც არ არის სკოლაში ინტეგრაციისთვის მზად. მისივე თქმით მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას თუ რამდენად აქვს ბავშვს სწავლის ინტერესი და მოტივაცია.
„მეორე საკითხი რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება არის ის, თუ რამდენად აქვს ბავშვს წიგნიერებისკენ ლტოლვა, შეუძლია თუ არა წიგნთან გარკვეული დროის გატარება და რამდენად შეუძლია მშვიდად ჯდომა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მზაობა, თუ რამდენად შეუძლია თუნდაც მცირე დავალებების შესრულება, თხრობა და კითხვაზე პასუხის გაცემა, ასევე თანატოლებთან კონფლიქტის გარეშე ურთიერთობა.
სწავლა მხოლოდ აკადემიური პროცესი არ არის, ბავშვი სწავლას იწყებს ელემენტარული რაღაცეებით, უნდა შეეძლოს საპირფარეშოთი დამოუკიდებლად სარგებლობა, უნდა შეძლოს ემოციის კონტროლი,“ - აღნიშნა გვანცა ჩვამანიამ.
დაჩი ნანობაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვებს 5-ე კლასშიც ეტყობათ, რომ ისინი სკოლაში არიან 5 წლის ასაკში შეყვანილები და პრობლემა მხოლოდ 1-ელი კლასის დახურვის შემდეგ არ სრულდება, შესაძლოა დაბალი თვითშეფასება ბავშვს სხვა კლასებში და ზრდასრულ ასაკშიც გაყვეს.
„ვხვდები იმას, რომ ეს ბავშვი დაბადებულია სექტემბრის დასაწყისში ან ზაფხულის ბოლოს, რამდენიმე თვიანი სხვაობაც კი ადვილი შესამჩნევია და ბავშვის 5 წლის ასაკში მიყვანა ფაქიზი საკითხია და მარტივი არ არის გადაწყვეტილების მიღება , აქ ზოგჯერ ობიექტური, ზოგჯერ სუბიექტური მიზეზი აქვთ მშობლებს, ამ მიზეზებს უმყარებს სამინისტროს გადაწყვეტილებაც იმ ფაქტორით, რომ დაუშვა 5 წლის ბავშვების მიღება.
რაც შეეხება იმას თუ რამდენად მზად არის სკოლა 5 წლის ბავშვის მიღებისთვის, აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხდება წიგნების გრიფირება, რომელიც 4-5 წელი აღარ იცვლება და რამდენად ვიაზრებთ წიგნის ავტორები იმას, რომ შემდეგ წელს ეს წიგნი შეიძლება 5 წლის ბავშვისთვის იყოს და რამდენად შეგვაქვს მასში ცოტა განსხვავებული და შედარებით პატარა ასაკზე მორგებული პროგრამა შეტანილი.
მეორე თვითონ გარემოა საგულისხმო, მინისტრის თქმით ბევრი სკოლა შენდება და ფიზიკურად იქნება სივრცეები, სადაც ბავშვები ივლიან და 40 ბავშვი არ იჯდება კლასში , თუმცა არც ეს ფაქტორია გადამწყვეტი იმისთვის, რომ 5 წლის ასაკში მივიყვანოთ ბავშვები სკოლაში, არ უნდა იფიქროს მშობელმა რომ სივრცე არის და მოდი მივიყვან. ძალიან რთულია მშობელმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სპეციალისტის დახმარების გარეშე. მშობლებს არ შეგვიძლია მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაშიც არ ვართ კომპეტენტურები. მშობლებს პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეთ სხვა ბავშვებთან რადგან კლასში როდესაც 25-დან 5 ბავშვი 5 წლის არის მათ შედარებით მეტი ყურადღება სჭირდებათ, რაც სხვა ბავშვებს აკლდებათ“ - აღნიშნა დაჩი ნანობაშვილმა.