2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ყველაზე მეტი - 1 895 ჯარიმა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; 866 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 744 - ბათუმში და 594  - რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 4 099 სამართალდამრღვევიდან, 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი.

2 437 ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს  დაეკისრათ,  1 449 - მიკროავტობუსის, 212 - სატვირთო ავტომობილის და 1- ავტობუსის მძღოლს. 

„საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებაცაა. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, აქტიურად ახორციელებენ გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge  საშუალებით არის შესაძლებელი.