„2025 წლიდან იგეგმება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით მონიტორინგი ითვალისწინებს, როგორც ვიდეო კონტროლის საშუალებით ტექინსპექტირების საქმიანობის  დაკვირვებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას პროცესის დროს.

„მობილური ჯგუფები გადაამოწმებენ უკვე ინსპექტირებული ავტომობილებს ხელმეორედ და თუ აღმოჩნდება, რომ ტექინსპექტირების ცენტრის მიერ არ დაფიქსირდა რომელიმე ხარვეზი ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.

სახიფათო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 5000 ლარიანი ჯარიმა, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში 2000 ლარიანი და უმნიშვნელო ხარვეზის  შემთხვევაში 500 ლარიანი. მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ გარკვეული უწყება აკონტროლებს ტექინსპექტირების სისტემას, ჩვენთანაც მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად იქნება ტექინსპექტირების ცენტრებში მონიტორინგის გადაწყვეტილება მიღებული.“- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის თქმით ტექინსპექტირების პროცესში  პერსონალის კომპეტენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მისივე თქმით 2023 წელს სექტორიდან კადრების გადინების პროცესი 50%-მდეა გაზრდილი, რაც სექტორისთვის ძალიან დამაზიანებელია.

„კვალიფიციური კადრის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული პერიოდია საჭირო, მით უმეტეს იმ ფონზე თუ კონტროლი გამკაცრდება და მონიტორინგი ჩაერთვება კვალიფიციური კადრების საჭიროება უფრო მეტად დადგება. აქედან გამომდინარე გამოწვევები რომ იქნეს დაძლეული,  ტექინსპექტირების სფეროში დადგა საჭიროება, რომ მოხდეს პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვა.

რაც შეეხება პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვას, ამის თაობაზე სახელმწიფოსთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ დეტალურად ავუხსენით და შევეცადეთ დაგვენახებინა ის საჭიროება თუ რამდენად მნიშვნელოვანია სექტორისთვის ტექინსპექტირების საფასურის გადახედვა, აქ საუბარია დაახლოებით 30 ლარამდე ფასის მატებაზე, რაც რეალურად ტექინსპექტირების სექტორს ამ პრობლემებისგან იხსნის.“- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილის თქმით პერსონალის გადინება და მოძველებული მატერიალური ბაზა პრობლემურია, მისივე თქმით ხუთი წლის თავზე გამოსაცვლელია ძალიან ძვირად ღირებული მოწყობილობები, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციას საჭიროებს და აქედან გამომდინარე ეს საკითხიც აქტუალური გახდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში წავა და ორივე გადაწყვეტილება იქნება ერთდროულად მიღებული კარგი იქნება. იმ გამკაცრებული მოთხოვნების ფონზე მაღალი კვალიფიკაცია, პერსონალის შენარჩუნება დამატებითი  კადრების მოზიდვა  და მათთვის ადეკვატური გადასახადის გადახდა ცენტრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, აქედან გამომდინარე საჭიროა მდგრადი ფინანსური მდგომარეობა ცენტრებისთვის, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყონ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი როდის მოხდება  პირველადი  ტექინსპექტირების ცენტრების გადახედვა, თუმცა კონსულტაციები მიდის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული.“- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

შიოლაშვილმა ასევე  აღნიშნა, რომ განმეორებითი ინსპექტირების განფასებამ ფაქტობრივად დაზოგა ტექინსპექტირების ცენტრების ადამიანური რესურსი, რადგან როდესაც ავტომფლობელი პირველად ინსპექტირებაზე მიდიოდა, რეალურად მას საკმაოდ ბევრი ხარვეზი ჰქონდა, წინასწარ არ ამოწმებდა ავტომობილის და იცოდა, რომ განმეორებით ინსპექტირებაზე მას ეს მომსახურება უფასო ექნებოდა.

„აქედან გამომდინარე ტექინსპექტირების ცენტრებს  საკმაოდ  დიდი რესურსი ემართებოდათ იმისთვის, რომ განმეორებითი  ინსპექტირებაზე მომსახურებოდნენ ავტომფლობელებს უფასოდ.  მას შემდეგ რაც განმეორებით ინსპექტირება ფასიანი გახდა,  დაიწია პროცენტმა , მანამდე თუ იყო სადღაც 35-40%-მდე განმეორებითი ინსპექტირების მაჩვენებელი, დღეს ეს მაჩვენებელი 20-25%-ზეა ჩამოსული.

2023 წელი ჩვენ დავასრულეთ დაახლოებით 15%-იანი მატებით, თუ შევადარებთ გასულ წელს, თუ 2022 წელს 789 000 ავტომობილი იყო გატარებული, 2023 წელს ეს რაოდენობა უკვე 917 000 ავტომობილზე ავიდა. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადმინისტრირება გამკაცრდა. თუ აქამდე ავტომობილი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმდებოდა  მფლობელს უწევდა 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა, ახლა კი ეს შეცვლილია, პირველ ჯერზე  ჯარიმა დარჩა 50 ლარი და ყოველ შემდეგ  ჯერზე 150,300 და 500 ლარზეც ადის, რაც  საკმაოდ მძიმე  ტვირთია და ამანაც განაპირობა  ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობთ რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა ჩვენი ავტოპარკისა  მაინც ტექინსპექტირების გარეშე გადაადგილდება, რადგანაც 1 800 000 რეგისტრირებული ავტომობილის ფონზე მაინც 917 000 ტექინსპექტირება გატარებული ავტომობილია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია.“- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.