27 სექტემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენის საოკუპაციო ხაზიდან 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს. მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ 10 წლის იყო. არასრულწლოვანები იმავე დღეს გათავისუფლდნენ, თუმცა საოპუკაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავების ფაქტები, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში, კვლავ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.
წლებია რუსეთის საოკუპაციო ძალები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებთან ერთად აგრძელებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან უკანონო დაკავებებსა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას. ეს ქმედებები რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ნაწილია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებზე.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2025 წლის 29 სექტემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე „დაფიქსირდა უკანონო დაკავების 23 შემთხვევა, დღესდღეობით კი უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 11 მოქალაქე“. მხოლოდ ბოლო სამ თვეში 7 მოქალაქის გატაცება დაფიქსირდა, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტი.
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 390 კილომეტრია, აფხაზეთში კი 120 კმ. უნდა აღინიშნოს, რომ ე. წ. ბორდერიზაციის ხაზის დიდ ნაწილზე არ არის განლაგებული მავთულხლართები და საცნობარო ნიშნები, შესაბამისად, სწორედ ამ ზონებშია საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების მაღალი რისკი.
2025 წლის პირველ ნახევარში დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ბრალდებით 170 პირი იქნა დაკავებული, 19 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან 9 პირი კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის განცხადებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ფიქსირდება.
ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს