გამჭვირვალობის შესახებ კანონი არც არავის ზღუდავს და არც სტიგმატიზაციას ახდენს არც ერთი ორგანიზაციის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ100-ზე ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავითარ პრობლემებს არ უქმნის ამ ორგანიზაციებს ეს კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ერთადერთი რამ - გამჭვირვალობა და გაუგებარია, თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ არ რეგისტრირდებიან.

 

„ერთადერთი რაც მოეთხოვებათ, არის გამჭვირვალობა. თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ არ უნდა დარეგისტრირდე, მარტივი კითხვა ისმის. რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ესეც არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა გვაქვს პრობლემები კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ვინც მაგალითად თავის დროზე ე.წ. „პივიტი“ გააყალბა, ან სხვაგვარად მონაწილეობდა რევოლუციურ პროცესებში, პირდაპირ ყველას ვუწოდებთ საკუთარ სახელს. რაც შეეხება კანონს, კანონში ხდება ფაქტის კონსტატაცია - როდესაც შენ იღებ უცხოურ ფულს, ამ ფულს მოჰყვება გავლენა და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში. ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია. ეს არის მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოხატულება, მათ არ ეშინიათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ ასეთ ორგანიზაციას გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, აქ აშკარაა, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ამიტომ არ გადიან რეგისტრაციას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.