საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 1 524 223 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს თავი განზრახ აარიდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1 524 223 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.