ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტის ავტორების თქმით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც – თითქმის ყველა შემთხვევაში – საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.
„აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში. ხელისუფლებამ TDI-ს არ მიაწოდა დეტალური სტატისტიკური მონაცემები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს სულ 10,304 განცხადება, რომელთა 32,5% (3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნახევარზე მეტი, 56% (5,759) დაკმაყოფილდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5%, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა.
1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა.