ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა - ქართველი ხალხის დასჯის მცდელობაა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ქართულ არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ ამ არჩევნებში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით „დიპლომატური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია, თანხები კი, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ“.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა, ევროპული ღირებულებების ერთგულებას არ ნიშნავს და სამწუხაროდ, ბევრ მაგალითია, „როდესაც პასპორტის მიღმა, არანაირი ევროპული ღირებულებები აღარ ჩანს“.
„ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა - ასე შეიძლება შეფასდეს. სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირ ჩართულობა, განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს დღისით, მზისით ხდებოდა, დაუფარავად, უხეშად. ქართველმა ხალხმა მათ, ყველას უარი უთხრა იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩიათ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ქართულ არჩევნებში უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ვნახეთ ქალბატონი იუკნევიჩიანეს განცხადებაც, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები პირდაპირ გამოწვეულია ქართველი ამომრჩევლის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. ეს არის შურისძიება და ქართველი ხალხის დასჯა. მცდელობა, რომ დასაჯონ და შური იძიონ ქართველ ხალხზე, ვინაიდან, რა სახეებია ვხედავთ - ესტონეთის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე იდგნენ საქართველოში იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მხარი არ დაეჭირათ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს მინისტრები, ოთახში რომ სხედან, შეეცდებიან, ქართველ ხალხი დააზიანონ, რომელთაც მათ საკადრისი პასუხი გასცეს.
ასევე, ფორმულირება, როდესაც ამბობენ, რომ დიპლომატების დასჯა ხდება, დაცლილია დიპლომატიური ურთიერთობის ყოველგვარი გაგებისგან. ომის დროსაც კი ხელშეუხებელი არიან დიპლომატები და, როდესაც ზოგიერთი ევროპელის მხრიდან ასეთი შეფასებები გვესმის, ეს აჩვენებს, რამდენად დაცილებულია ზოგიერთი ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას. სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვხედავთ ბოლო პერიოდში, როდესაც პასპორტის მიღმა, სინამდვილეში, არანაირი ევროპული ღირებულებები აღარ ჩანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.