უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში მედიასთან განაცხადა.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია შეშფოთებას  იწვევს.

„სრულიად ერთგული ვართ „ღია კარის“ პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. შესაბამისად, სრულიად ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების.

ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო…

ფრენების განახლების შესახებ, მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე ჩვენთვის შეშფოთების საგანია. ეს "მესიჯი" თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოჰფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ასე რომ, ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ და ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის, და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით…

ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არ დასაშვებად, კარგ სამუშაოს აკეთებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის, იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.

საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას“, - განაცხადა კოლომინამ.