საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, France 24-ს ინტერვიუ მისცა.
"ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია... მთავარი მესიჯი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე, იყო ის, რომ ის საუბრობს ძლიერ ამერიკაზე. აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, უცებ დასავლეთს გადაუხვიოს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს? და რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის? ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა," - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ხაზი გაუსვა, რომ ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს, ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც თავად ზურაბიშვილი და არც ქართველო ხალხი მისი თქმით, სწორედ თავადაა ერთადერთი მმართველი, რომელიც ხალხმა აირჩია.
"ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ მანდატი იქამდე გაუგრძელდება, სანამ ქვეყანას ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტი არ ეყოლება.
"ამ პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია. ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტული თარიღით არ წყდება. კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი მანდატი გრძელდება იქამდე, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ. იგულისხმება ლეგიტიმური პრეზიდენტი, ამიტომ ველოდები..." - ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი გავლენიან მედიასთან საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.
სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე. სწორედ ამის გამო არიან ადამიანები ქუჩაში უკვე 59 დღეა. პროტესტი არა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ არჩევნები მოიპარებს, არამედ ასევე იმის გამო იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი ხალხის მანდატის გარეშე, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ევროპისკენ გზას აჩერებდა.
ამერიკამ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს, რადგან ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა ევროკავშირისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გაატაროს საგარეო პოლიტიკა კავკასიაში, სადაც ასევე სომხეთი ელოდება ევროპისკენ შებრუნებას. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები, ან თუ მისი ინსტრუმენტები დაბლოკილია ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.