პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა.

აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.

გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქი ხონში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ, გაათავისუფლა ორი სკოლის დირექტორი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს „ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს „ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“,- განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია.

„მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ამ გუნდის რიგებიდან განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ევროპული ტიპის კეთილდღეობისთვის.

ოქტომბრის არჩევნები არის რეალური რეფერენდუმი და გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად არის: პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა.

მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ipn.ge