„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას; არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა".

ასევე სამართალდამცველები, მათ შორის განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა არის დაგეგმილი.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

თბილისის გასავლელთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყება აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

წყარო: IPN.GE