თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც ეხმაურება ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას.
სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართავს.
„თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! „ოცნების” ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსი და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმართლით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობა აღარ აქვს!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, ის 9 აპრილის ტრაგედიას „ფეისბუქზე“ ასე გამოეხმაურა:
„ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ამ დღეს ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატა ჩვენი ერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დაღუპული გმირების ბრძოლისა და თავდადების შედეგი,“- წერს ჩიქოვანი.