„თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად. სამაგიეროდ, იმეორებენ ,,ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც მეოთხე დღეა, პარლამენტთან აქციას მართავენ, მმართველი გუნდის წევრებს განცხადებით პასუხობენ.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით. ჭიათურიდან აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით და რამოდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენეს და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს.

როგორც იცით, 14 მარტიდან უწყვეტი საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან. მთელი ამ 6 თვის განმავლობაში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლაც, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად.

სამაგიეროდ, იმეორებენ ,,ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს მიღებული, რაც სიცრუეა და მზად ვართ, ეს დოკუმენტალურად დავამტკიცოთ.

ამიტომ, ვითხოვთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში.

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – ,,ჯორჯიან მანგანეზმა” მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს.

ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის. სამწუხაროდ, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას სამართლიანი მოთხოვნის. დაკმაყოფილებამდე.

მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ და ყველაფერი გააკეთონ ჩვენი უფლებების დასაცავად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, ,,ჯორჯიან მანგანეზი” იმდენად გავლენიანია, უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი.

ამასთან , ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და არ ვიჩაგრებოდეთ, ვთხოვთ, ორშაბათს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მოვიდნენ სოლიდარობის აქციაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.