პარლამენტმა განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი.

კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი.


კანონის პროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების შემთხვევაში, აღარ დაიბეგრება ამ პირების მიერ 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით.


კანონის პროექტით აგრეთვე იზრდება თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთები.


საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარადგინა.