საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოში ვერ დამკვიდრდება ავტორიტარული ოლიგარქიული მმართველობა და ქართველმა ხალხმა კონსტიტუცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაკარგული თავისი ხმა ერთად უნდა დაიცვას.
"საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაა.
ეს არის ჩვენი მოქალაქეების ურყევი ნება, რაც კონსტიტუციითაც დაცულია. ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირსა (EU) და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანებაა. ამ მიზანს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად მივაღწევთ! საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ეს ჩვენი საერთო მონაპოვარია - ხელისუფლების, პოლიტიკური ოპოზიციის, ფართო და მრავალფეროვანი კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და შემოქმედებითი საზოგადოების, ქართული ჯარისა და ჩვენი დედა ეკლესიის. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთად ვზეიმობდით ამ ისტორიულ მიღწევას და გვერდზე გადავდეთ ჩვენი განსხვავებები.
დღეს, საქართველოს ხელისუფლება ცვლის ქვეყნის მდგრადი განვითარების ევროპულ და ევროატლანტიკურ ვექტორს, ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, უპირისპირდება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს და უგულებელყოფს წლების განმავლობაში შექმნილ უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ იმ გარემოს, რომელიც ჩვენს მომავალი თაობებს აძლევდა საშუალებას, ეცხოვრათ დაცულ, განვითარებულ, დემოკრატიულსა და ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყანაში. საქართველოში ვერ დამკვიდრდება ავტორიტარული, ოლიგარქიული მმართველობა, რომლის შემოღების მცდელობადაც ვაფასებ მმართველი გუნდის და მისი ლიდერის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკასა და ქმედებებს. საქართველო არ შეეგუება რუსული მოდელის “სუვერენული დემოკრატიის” თავს მოხვევას და მტკიცედ გააგრძელებს ევროპული დემოკრატიის მოდელის დანერგვას და განვითარებას.
მადლობა ყველას, ვინც დღეს იცავს ქართულ, ევროპულ ღირებულებებს. მადლობა ჩვენ შვილებს გამბედაობისათვის, სიმტკიცისათვის, შეუდრეკლობისათვის, თავისუფალი სულისა და აზროვნებისთვის.
ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ერთად დავიცვათ ჩვენი ხმა, რომელიც ვერაგულად მოიპარა ხელისუფლებამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ერთად დავიცვათ ჩვენი ერის სტრატეგიული არჩევანი გავხდეთ ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველო აუცილებლად გაბრწყინდებაა!", - წერს გელა ბეჟუაშვილი.