რუსი პროპაგანდისტი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი ბელარუსის სამთავრობო მედიასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში არ გაწევრიანდება.

"ჩვენ უბრალოდ უნიკალური პროცესის მომსწრენი ვართ. ვხედავთ, როგორ გაერთიანდება, რა მიმართულებით და გაფართოვდება ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფო. შემიძლია პროგნოზირება - საქართველოს მომავალი არ აქვს, თუ სამოკავშირეო სახელმწიფოში თავად არ შევა. ყაზახეთს მომავალი კიდევ უფრო არ აქვს, თუ თავად არ შევა სამოკავშირეო სახელმწიფოში, ვიდრე საქართველოს. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მომავალი საერთოდ არ აქვთ, რადგან იქვე არიან თალიბები, იქვეა ავღანეთი, იქვეა არასტაბილური სიტუაცია და დასავლეთის მონდომება მის გასაღრმავებლად. სწორედ ამიტომ, რასაც ახლა ვაჩვენებთ, რაც ხდება, არა მხოლოდ კოოპერაციის სფეროში, არამედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს შორის, სამოქალაქო სექტორს შრის ინტეგრაციული ურთიერთობების განვითარების მხრივ, ეს ზუსტად არის მექანიზმი ჩვენს ქვეყანასთან (გულისხმობს სამოკავშირეო სახელმწიფოს) სხვა სახელმწიფოების სამომავლო გაერთიანებისთვის, ეს ძალიან საინტერესოა." – თქვა კარნაუხოვმა.

სამოკავშირეო სახელმწიფო რუსეთსა და ბელარუსს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე შექმნილი სტრუქტურაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე ფაქტობრივად უმოქმედო იყო. სწორედ სამოკავშირეო სახელმწიფოს არსებობის საფუძველზე გაამართლეს ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე ჯერ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის, შემდეგ კი ორეშნიკის ტიპის კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების განთავსება.

ამას გარდა, როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსული ჯარები ბელარუსის გავლით შევიდნენ, ამას წინ უძღოდა რუსი სამხედროების ბელარუსში სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთობლივი წვრთნების მიზეზით შეყვანა.

წყარო: ტაბულა