საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო.

„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.