„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ამას ისინი უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად ქვეყანაში“ –  ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ამის ნაწილია რუსული კანონის განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. სამწუხაროდ, ასევე, როგორც ვნახეთ, მათ დანიშნეს ადამიანები, რომლებმაც უნდა აღასრულონ ეს კანონი. ჩემთვის პირადად გაუგებარიც არის ახალგაზრდა ადამიანმა რატომ უნდა იტვირთო ეს როლი ქვეყანაში, მაგრამ რას ვიზამთ. ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობდეს ქვეყანა დაუახლოოს ევროკავშირს, ცდილობდეს ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც იყო მათი დიდი დაპირება, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ისინი ახლა ცდილობენ რუსული კანონებით მოკლან დემოკრატია საქართველოში, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება. მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ იქნება ამ რუსული კანონის და სხვა მასთან დაკავშირებული რუსული კანონმდებლობის გაუქმება ქვეყანაში.

აქვე, მინდა ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ჩემი დიდი პატივისცემა მათ იმ მძიმე შრომისა და ბრძოლისთვის, რომელსაც ეწევიან საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ჩვენ ვიქნებით სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული სიტყვის მუდმივი დამცველები საქართველოს პარლამენტში“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.