სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე - მოვუწოდებთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ, ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა განაცხადა.

მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება.

„2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მოხდა. ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. დაკავებულთა რაოდენობა წინა წლების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ცდილობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას. ერთის მხრივ, გადაკვეთა გართულდა ღობეების, მავთულხლართის და სათვალთვალო კოშკურების რაოდენობის გაზრდის გამო. მეორეს მხრივ კი, ხალხი უფრო მეტად შეშინებულია. ხალხმა იცის რა შეიძლება მოხდეს, როდესაც გადაკვეთას შეეცდებიან. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დაკავებები ეფექტური შემაკავებელი საშუალებაა.

დადებითია, რომ აგვისტოში ჩვენ ვნახეთ ორი ხანგრძლივად დაკავებულის ბ-ნი ნათაძის და ბ-ნი ჩხიკვაძის გათავისუფლება. ორივე მათგანი დააკავეს 2021 წლის დეკემბერში. მისია აქტიურად მოუწოდებს ყველა დაკავებულის გათავისუფლების და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ. ამავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მათი გადაცემისთვის, რასაც ერგნეთში აქვს ადგილი“,-განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.