საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ცოლი - დიანა ცინდელიანი რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში მუშაობს. მოსამართლის მიერ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დიანა ცინდელიანმა, რომელიც რუსეთის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტში, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილეა - 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 1130,41 რუბლის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, ვასილ როინიშვილი ფლობს 146 000 და 122 260 ლარის ღირებულების ბინებს თბილისში, მიწის ნაკვეთს და 2 ავტოფარეხს, დინა ცინდელიანი - 142 290 ლარის ღირებულების ბინას.

ისევ რჩება თუ არა ის ოკუპანტი სახელმწიფოს საჯარო სამსახურში, ამასთან დაკავშირებით „მთავარი" მოსამართლეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა მისი ცოლი რუსეთის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტში აღარ მუშაობს.

როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2020 წელს გახდა. ის ერთ-ერთია, რომელმაც რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სარჩელები უნდა განიხილოს.