2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ღამის და გამთენიის საათებში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. არის არაერთი დაშავებული. მძლავრი სახელმწიფო მანქანა იყენებს უკანონო ძალას საკუთარი მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.

მათი თქმით, პოლიციამ და სპეცრაზმმა სასტიკად დაარბიეს შეკრებილები და ვანდალურად გაუსწორდნენ როგორც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს, ისე ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს.

მათივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის დაშლა უკანონობაა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, არ ეგუება და აპროტესტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს ან ინტეგრაციის პროცესის დროებით შეჩერებას. ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტაც და მისი დროებით შეჩერებაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას და უწყვეტ მისწრაფებას, გახდეს ინდივიდის კეთილდღეობაზე, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სამყაროს ნაწილი. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ქართველებს არასოდეს შეუწყვეტიათ ბრძოლა და მუშაობა ევროპული მისწრაფების განხორციელებისთვის და რუსეთის ჩაგვრისგან თავის დასახსნელად. საქართველოს ეროვნული პლატფორმაც ამ ბრძოლისა და შრომის გამოხატულებაა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა:

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების დევნა და ცემა აზრის, პროტესტის გამოხატვის გამო.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ძალადობის თითოეულ ფაქტზე, რათა ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისაჯოს.

მოვუწოდებთ ევროკავშირს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.