იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, „რუსული კანონის“ აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ჰქვია. მისი მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ვ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ ბრძანების პირველი მუხლი კი, ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან შეუძლიათ. მისივე თქმით, „თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 000 ლარით დაჯარიმებას.